ბათუმში გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ფაქტი აღიკვეთა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან ერთად, ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გამოავლინეს საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლურ სასმელებს აფასოებდა და რეალიზაციას ახდენდა ეტიკეტირების გარეშე. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმე ს. ხ. (მის: მაიაკოვსკის N4) საქმიანობდა საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ამასთანავე, ინდმეწარმემ ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაცია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით, სასმლის სამი ნიმუში აიღეს.
კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო, ინდმეწარმე დაჯარიმდა და გამოსწორებამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.