აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ბავშვებისთვის გასართობი პროექტის განხორციელება დაიწყო
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ქალაქ ხონში პროექტი „ჯადოსნური დღეები“ გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გასართობი პროგრამა ანიმატორებთან და ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად მრავალფეროვან აქტივობას, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს, საპნის ბუშტების, მასკოტებისა და აზოტის შოუს მოიცავდა, რომელშიც 200-მდე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვი მონაწილეობდა.
პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით რვა სხვადასხვა ქალაქში 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა ბასილაია და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ.