ანკარაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური დელეგაციის სასწავლო ვიზიტი გაიმართა
მიმდინარე წლის 16-20 თებერვალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, ქალაქ ანკარაში გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური დელეგაციის სასწავლო ვიზიტი თურქეთის საჯარო შესყიდვების უწყებაში (KIK).
ვიზიტის მიზანი იყო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოწინავე გამოცდილების გაზიარება, მათ შორის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის და მასთან დაკავშირებული რეფორმების, ინსტიტუციური მოწყობის, შესყიდვების პროცესში დავების განხილვის მექანიზმების, ელექტრონული სისტემის განვითარების და ასევე გამჭვირვალობის და მონიტორინგისა და კონტროლის პრაქტიკის გამოყენების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ ელექტრონული შესყიდვების განმახორციელებელ დანაყოფს, რომელიც პასუხიმგებელია შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის (EKAP)-ის განვითარებაზე და გაეცნენ შესყიდვების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პერსპექტივებს.
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, უწყებებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, შესყიდვების გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ასევე ორმხრივი სასწავლო ვიზიტების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზებას.
ვიზიტის დროს ასევე აღინიშნა თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები რეგიონალურ ჭრილში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონალურ პარტნიორობას ქვეყნებს შორის.