აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.
ზურაბ პატარაძემ იაპონიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს - JICA-ს მხარდაჭერით აჭარაში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს ტოკიოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - „JATA Tourism Expo Japan“.
აღსანიშნავია, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაპონური მხარის ჩართულობით, დღეს ბათუმის ბულვარში „იაპონური კულტურის ფესტივალი“ იმართება, რომლის მიზანი საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცება და საზოგადოებისთვის იაპონური კულტურის გაცნობაა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ გააქტიურდება მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, რაც მხარეთა თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.