Loading data...
5 აპრილს გეოლოგის პროფესიული დღე აღინიშნება - საქართველოში გეოლოგიური კვლევების დაწყებიდან 185 წელი გავიდა

გეოლოგის პროფესიული დღე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

საქართველოში გეოლოგის პროფესიული დღე 1966 წლიდან აღინიშნება. პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წლით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები 1843 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ დარგი მუდმივად ვითარდება.

გეოლოგია გარემოს ეროვნულ სააგენტოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მიმართულებაა. დღეისათვის სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხორციელდება გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგი. ასევე, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში, ტერიტორიის ოპერატიულად შეფასება, სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენა, გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგული სისტემების ქსელის მოწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრულ უბნებზე თანამედროვე აპარატურის ინსტალაცია, ასევე სატელიტური გამოსახულებების დამუშავება (InSAR ტექნოლოგია).

გეოლოგიის მიმართულებით აქტიურად ხორციელდება სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა/განახლება და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი. ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, გეოლოგიის დარგისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი კადრების მოზიდვაა, შესაბამისად, სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.