Loading data...
4 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილი 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ქალბატონი ლეილა თეატრალური ინსტიტუტი დამთავრების შემდეგ მუშაობდა მსახიობად სოხუმის თეატრში, შემდეგ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ხოლო 1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. ნათამაშები აქვს 30-ზე მეტ სპექტაკლში. მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში- ტურანდოტი (ფ. შილერის „პრინცესა ტურანდოტი“), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს „ეშმაკის მოწაფე“) და სხვა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში: სამძივარა (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), დედამთილი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ენონა (ჟ. რასინის „ფედრა“) და სხვა. გადაღებულია 15-ზე მეტ მხატვრულ ფილმში: „მოიტაცეს თამარ ქალი“ (თამრიკოს დედა), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (შოშმანა), „ნატვრის ხე“, ვირთხა და სხვა. 

გამოირჩეოდა გარდასახვის დიდი ნიჭით, უბადლო შესრულების უნარით, რის გამოც იგი მაყურებელში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

ხავერდოვანი ხმის გამო, ლეილა ძიგრაშვილი მხატვრული კითხვის დიდოსტატად მიიჩნეოდა. იგი სტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა გამხმოვანებლად. მისი ხმით მეტყველებენ არიადნა შენგელაია ფილმში „შერეკილები“, მედეა ჯაფარიძე ფილმში „წარსული ზაფხული”, სოფიკო ჭიაურელი ფილმში „ჩვენი ეზო“.

საღამოზე გაიხსენებენ ქალბატონ ლეილა ძიგრაშვილის უნიკალურ, დახვეწილი არტისტიზმით შესრულებულ როლებს, მაყურებელი გაიგებს ლეილას შესახებ ბევრ ისეთ ამბავს, რომლებიც აქამდე მოსმენილი არ ჰქონდათ.
ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობისათვის.

ღონისძიების ავტორი, რეჟისორი და წამყვანია - ნიკოლოზ წულუკიძე, მონაწილეობენ მსახიობები - მურმან ჯინორია, ნანა ფაჩუაშვილი, მარინა კახიანი, ნანული სარაჯიშვილი, დავით უფლისაშვილი, დავით კვირცხალია,
მანანა გამცემლიძე, თათული დოლიძე. საღამო დატვირთული იქნება მუსიკით, სიმღერითა და ვიდეომასალით.