Loading data...
27 აგვისტო, შეკვეთილი და „Empire of the Sun“ - ახალი მუსიკალური გამოცდილება ქართველი მსმენელისთვის

27 აგვისტოს „Black Sea Arena-ს“ Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, „Empire of the Sun-ს“ უმასპინძლებს.

ჯგუფი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ფესტივალებზე - Glastonbury-ზე, Coachella-სა თუ Lollapalooza-ზე - წარმატებული გამოსვლებითაა ცნობილი, ქართველი მსმენელის წინაშე პირველად შეკვეთილში წარდგება.

ლუკ სტილისა და ნიკ ლიტლმორის მიერ 2008 წელს დაარსებულმა დუეტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა სადებიუტო ალბომით - „Walking on a Dream“. ამავე სახელწოდების კომპოზიცია და ჰიტი „We Are the People“ მათი გლობალური წარმატების დასაწყისი გახდა. „Empire of the Sun“ თეატრალური პერფორმანსებითა და მუსიკალური ჟანრების ორიგინალური შერწყმით დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.

ჯგუფის წევრებს განსხვავებული შემოქმედებითი მიდგომები აქვთ. ნიკი, ძირითადად, მელოდიებზე მუშაობს, ხოლო ლუკი - ტექსტებსა და კონცეფციებზე. სწორედ ამ განსხვავებათა ერთობლიობა ქმნის მათ უნიკალურ ჟღერადობას. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი მეინსტრიმული არ არის, მათი მუსიკა ხშირად გამოიყენება სარეკლამო რგოლებში, ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში.

სიმღერა „Walking on a Dream“ 2010-იან წლებში Honda-ს რეკლამაში გამოიყენეს, რამაც ბენდის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ჯგუფის წევრებს წარსულში სხვა ცნობილი პროექტებიც ჰქონდათ, როგორიცაა „Pnau“ და „The Sleepy Jackson“, რაც მათ შემოქმედებაში როკის, ელექტრონული მუსიკისა და ელექტროპოპის გავლენას ხსნის. სამი წარმატებული ალბომის შემდეგ, „Empire of the Sun“ მსმენელს ახალი სტუდიური ჩანაწერით - „Ask That God“ — დაუბრუნდა და გლობალური ტურნე დაიწყო. საქართველოში დაგეგმილი კონცერტიც სწორედ ამ ტურნეს ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი პროექტ „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქართველი ახალგაზრდებისთვის საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე დასწრების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.