25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩების პერიოდში „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.
ასევე, 28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან - აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.