2026 წლის ბოლომდე, დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 16%-ს გადააჭარბებს
„საქართველოს ბიომრავალფეროვნება და უნიკალური ტერიტორიები გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოოთ დაცული ტერიტორიების ქსელი. ამისათვის, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები, რომელიც ფოკუსირებულია ეკოლოგიურ საფარზე, ლანდშაფტებზე, ფლორასა და ფაუნაზე და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებზე. პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ჩართულობას“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.
მიმდინარე ეტაპზე სამუშაოები რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და იმერეთში.
ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებული ტერიტორიების გაფართოება საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობს დაახლოებით 220 000 ჰექტარით გაზრდის და ჯამში 1 150 000 ჰექტარს მიაღწევს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 16.4%-ია.
თამარ ხახიშვილის განცხადებით, ახალი დაცული ტერიტორიები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.
დღეის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს დაახლოებით 700 სასტუმრო და 300 კვების ობიექტი.