2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში, 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას.
გამგებელმა ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა.
„საგზაო ინფრასტრუქტურა 87 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები - 154 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე ქსელი 5 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 18 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 62 მისამართზე განხორციელდა; 8 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 2 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“, მიმდინარე წელს 192 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 51 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 43 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა და 38 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა“, - აღნიშნა რაიონის გამგებელმა.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა. ასევე, 2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 7 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, საახალწლო ღონისძიება კი წლის ბოლოს ჩატარდება.
გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც 2025 წლის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული.
პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.