19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

ა.წ. 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად, 11:15 საათზე, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
„ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა, დიდი და მცირე ელექტროსადგურები. გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად, 11:15 საათზე, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.