17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა

17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა.
მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის თემაა „უსაფრთხო ზრუნვა ყველა ახალშობილზე“. კამპანიის მიზანი ახალშობილთა და ბავშვთა უსაფრთხო მოვლის გაუმჯობესება, მშობლებისა და მომვლელების ჩართულობის გაძლიერება, ასევე, პედიატრიული კვლევების ხელშეწყობაა. წლევანდელი კამპანიის სლოგანია „პაციენტის უსაფრთხოება დაბადებიდანვე“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ისაუბრა ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მიღწევებსა და დღეს არსებულ გამოწვევებზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო მზად არის, სამედიცინო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით სამომავლოდ პაციენტთა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.
პერინატალურ, ნეონატალურ, თუ პედიატრიულ მიმართულებებში პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ. პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებებით სახელმწიფოს ხედვებსა და არსებულ პროგრამებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა პაციენტთა უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს. იმსჯელეს, ჩვილთა, დედათა და ბავშვთა უსაფრთხოდ მოვლისთვის, ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის
გასათვალისწინებელ ფაქტორებსა და აუცილებელ ნაბიჯებზე.