15 აგვისტოდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის

15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს ყველა ბენეფიციარს სახელმწიფო მიაწვდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს მინისტრის ბრიფინგია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების კერძო სუბიექტების მიერ განხორციელების აკრძალვის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით გამოაცხადა.
„შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი და იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. ცვლილება, რაც არის ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის - თუ კი სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის გახდება უფასო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი 17:00 საათზეა დაგეგმილი.
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი #144.