14 ნოემბერს ხონის იპოლიტე ხვიჩიას სახელობის კულტურის ცენტრში ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის ნანა მჭედლიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელშეწყობით 14 ნოემბერს, 16:00 საათზე, ხონის იპოლიტე ხვიჩიას სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის ნანა მჭედლიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თეატრალიზებული სანახაობა. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს 135 წლის სახალხო სასულე ორკესტრი, რომელმაც ღირსეულად დაამახსოვრა თავი კინემატოგრაფიის ყველა მოყვარულს ფილმით „იმერული ესკიზები“.
ღონისძიებას იპოლიტე ხვიჩიას სახელობის კულტურის ცენტრი მასპინძლობს. პროექტი მიზნად ისახავს ხონის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, მისი უნიკალური ისტორიისა და იმ ადამიანების ღვაწლის წარმოჩენას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ხელოვნების განვითარებაში.
პროგრამა:
- კულტურის ცენტრის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან მოეწყობა თეატრალიზებული პერფორმანსი ფილმიდან „იმერული ესკიზები“ მოწვეული და ადგილობრივი მსახიობების შესრულებით, დაუკრავს ხონის სახალხო სასულე ორკესტრი, რომელიც მონაწილეობდა ამ ფილმში;
- კულტურის ცენტრში მოეწყობა ნანა მჭედლიძის არქივიდან შერჩეული ფოტო და დოკუმენტური მასალების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი ცხოვრების შემოქმედებითი გზა;
- საიუბილეო სივრცეში განთავსდება სტენდი „გამოჩენილი ხონელები“, რომელზედაც ცნობილი მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანი ადამიანები არიან ასახულნი;
- მუსიკალურად გააფორმებს სიმებიანი კვინტეტი;
- სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ნანა მჭედლიძის წიგნების მოკლე პრეზენტაცია გაიმართება.
ნანა მჭედლიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.