1-ელი ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
მწვანე გარემოში ყოფნა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
სწორედ ამიტომ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტ „თბილისის ურბანული ტყე“-ს ფარგლებში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, გაიმართა ღონისძიება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისთვის და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმატორების შოუ და გასართობი აქტივობები განხორციელდა.
პროექტ „თბილისის ურბანული ტყე“ მიზნად ისახავს ქალაქში მწვანე სივრცეების მნიშვნელობის წარმოჩენასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის ბუნებასთან კავშირის გაძლიერებას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეს ღონისძიებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ბავშვებისთვის ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში დასამახსოვრებელი დღის შექმნას.