თავდაცვის მინისტრი მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიებას დაესწრო

ბათუმში, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება გაიმართა. ქვედანაყოფის დროშის გადაბარების ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დღეიდან, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ვიცე-პოლკოვნიკი დავით ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. ქვედანაყოფის დროშა მას პოლკოვნიკმა ზაზა მჟავანაძემ გადააბარა.
ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ, პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა მიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში დამკვიდრებული დროშის გადაბარების ტრადიცია ეყრდნობა ქართულ ჯარში არსებული ურთიერთპატივისცემის, ინსტიტუციური მემკვიდრეობისა და განგრძობადობის მნიშვნელობას. ირაკლი ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ დავით ბოლქვაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ყოფილ მეთაურს კი, გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა ქმედითი და ეფექტიანი ტერიტორიული თავდაცვის განვითარების, ასევე ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, სასწავლო ცენტრების განვითარებისა და შესაბამისი საშუალებებით აღჭურვის კუთხით.
სამხედროებს ასევე მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. ყურადღება გამახვილდა ტერიტორიული რეზერვის პროგრამაზე, რეზერვისტთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და ტერიტორიული ბრიგადების შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ინსტიტუციურ რეფორმაზე, რაც ქვეყნის ძლიერი რეზერვის საფუძველს ქმნის.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მან ეროვნული გვარდიის მეთაურისგან მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასევე, მინისტრმა ეროვნული გვარდიის ბალანსზე არსებული და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა.
მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა ორიენტირებულია რეზერვისტთა მომზადებასა და სტიქიური უბედურებების დროს კრიზისებზე რეაგირების მხარდაჭერაზე.