თავდაცვის ძალებში ნატოს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) დელეგაცია იმყოფებოდა.
დელეგაციის ხელმძღვანელს, ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ მუსტაფა ოღუზის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სახმელეთო სარდლობას (LANDCOM) შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების მეთაურმა LANDCOM-თან წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების პროცესში მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსმა და დელეგაციის წარმომადგენლებმა კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრი მოინახულეს და ხელმძღვანელი პირებისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.