საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლება ვაზიანის სასწავლო ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი. შეფასების პროცესს ხელმძღვანელობდნენ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრის სერტიფიცირებული ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ნიდერლანდებიდან.
სწავლება, ასევე, ფოკუსირებული იყო საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში ქართული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მონაწილეობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება 2021 წლიდან მიმდინარეობს და მას ქართველ ექსპერტებთან ერთად, ხელმძღვანელობენ გერმანია და ნიდერლანდები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეგულარული სამხედრო სამედიცინო წვრთნების ჩატარებით, მიზნად ისახავს ეროვნული მდგრადობისა და სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას.