Loading data...
ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გენერალი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძეს შეხვდა.

„მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) უმასპინძლა. კრწანისში ვიზიტისას გენერალ-მაიორ ბოგდან რიცერსკის JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა და ცენტრის ისტორია, მიზნები, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საწვრთნელ ცენტრებს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

საინფორმაციო ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ნატოს მრჩეველთა ჯგუფის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ პერ ივარ პედერსენის და მთავარი სერჟანტის, იაკობ იენსენის გაცილების ცერემონიაც გაიმართა.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ასევე, JTEC-ისა და JFTC-ის მეთაურებმა ნატოს მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური JTEC-ის შემადგენლობაში არსებული საბრძოლო მომზადების ცენტრშიც (CTC) იმყოფებოდა“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.