ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო შეჯიბრებაში ოქროს მედლები მოიპოვეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დიდი ბრიტანეთიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრებაში Cambrian Patrol 2024 წარმატებით იასპარეზეს და 35 ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სპეციალური ოპერაციების სარდალი პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ Cambrian Patrol 2024-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარულად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც სამხედრო ქვედანაყოფების გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს.