25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის დღეა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის დღეა.
პირად შემადგენლობას ლოგისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზაზე - „ვარციხე” ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე აღნიშნა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
თავდაცვის ძალების მეთაურმა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაერთია.
სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემაც მიულოცა.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღებით, უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.
1992 წლის 25 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გენერალურ შტაბში ჩამოყალიბდა ზურგის მთავარი სამმართველო და შეიარაღებისა და ტექნიკის მთავარი სამმართველო.
ამ სტრუქტურების ჩამოყალიბებით საფუძველი ჩაეყარა ლოგისტიკური ელემენტების დანერგვას თავდაცვის სამინისტროში. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 25 აპრილი განისაზღვრა ლოგისტიკის დღედ.