Loading data...
ვაჟა სირაძე: ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400-კაციანი ჯგუფის მიერ, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა აქციის იმ აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართულები ძალადობრივ ქმედებებში, - ამის შესახებ მედიასთან საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად 100-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. 

„ბოლო დღეებია, აქცია, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში. დღევანდელი აქცია, როგორც დავინახეთ, დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, უკვე 400-კაციანმა ჯგუფებმა შეკრებისთანავე დაიწყეს სხვადასხვა საგნის, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფის მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა. ყველამ კარგად დაინახეთ ბოლო დღეებში შსს-ის დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იდგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, აქციის მონაწილეების აგრესიული ნაწილის მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ისინი ჩადიოდნენ.

სისტემატურად, ფაქტობრივად, გაუჩერებლად, 100-ზე მეტი პოლიციელია დაზარალებული. მათ ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა რკინის საგანს. პოლიციელებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს, მათ შორის რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევები დასჭირდა. აქედან გამომდინარე, კვლავ მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილები, ჩადიან დესტრუქციულ ქმედებებს, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიციელების დაშავებას, ისინი ასევე აზიანებენ ქონებებს, ინვენტარს, პარლამენტის შენობას, არაერთხელ დაინახეთ, რომ სხვადასხვა საშუალებით ცეცხლის წაკიდებით დაწვეს რამდენიმე ადგილი, ჩაამტვრიეს შუშები. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400-კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა აქციის იმ აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართულები ძალადობრივ ქმედებებში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.