თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ს.კ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1973 წელს დაბადებული კ.ხ., და წარსულში ნასამართლევები - 1992 წელს დაბადებული რ.ა., და 1990 წელს დაბადებული დ.ს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, და „ბუპრენორფინი“.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, 18 260-ე მუხლის მე-5, 19-260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.