Loading data...
თამაზ ბორაშვილი: ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს.

ბორაშვილმა ვრცლად ისაუბრა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას.

ამასთან, უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი ეკონომიკური და ბიზნესპროექტების გამოვლენისკენ, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნების ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად და იქცეს ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით, ხელისუფლებაზე ზეწოლის ეფექტურ მექანიზმად.

მსოფლიოში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და იმ ინფორმაციული სისტემების დაცვა, რომელთა გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის.

შესაბამისად, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის განვითარება და ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

დღეისათვის სამსახური უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის გადამზადებული პირადი შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს.

საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება მსოფლიოსთვის კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. გლობალური კონტრტერორისტული ძალისხმევის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაციები პოზიციებისა და რესურსების აღდგენას აქტიურად ცდილობენ.

ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან კონტრტერორისტული მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობებს ადგილი არ ჰქონია. ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურირებული ტერორისტული ჯგუფი, ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირებულია, ხოლო საქართველოში ტერორისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა ძალიან მცირეა.

მიუხედავად ამისა, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, სამსახურის პრიორიტეტი იქნება კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესება და ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება.

ყურადღება დაეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების მუდმივ მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას, პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის ინსტრუმენტების დახვეწას.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და დღემდე, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერია შავი ზღვის რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა და რეიტინგიც ადასტურებს.

მიუხედავად ამისა, კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება და ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა.

ადრეულ ეტაპზე საგარეო გამოწვევების იდენტიფიცირება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშემწყობ ფაქტორს. შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელის რანგში, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სამსახურის სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება.

ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალური უნარ-ჩვევების მქონე სადაზვერვო ოპერატიული და ანალიტიკური გუნდების ფორმირებას, რომლებიც განახორციელებენ საგარეო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პროცესების შესწავლას და დამუშავებას.

სამსახურის ოპერატიული, ტექნიკური და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალიზმით გამორჩეული კადრების მაქსიმალურად შენარჩუნებას, ასევე, მოტივირებული და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მოზიდვასა და მათ განვითარებას.
შესაბამისად, ჩემი პრიორიტეტი იქნება „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის“, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

აქვე მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა და მიღებული აკრედიტაციის საფუძველზე, პირველად განახორციელებს „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამას. სტუდენტებს ექნებათ საშუალება მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალისგან მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და დასაქმდნენ ჩვენს სამსახურში.
მსურს აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან, როგორიცაა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი.

დასასრულს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მაღალკვალიფიციური და ღირსეული პირადი შემადგენლობით, ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ მათი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მრავალი პოლიტიკური, თუ ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება.

შესაბამისად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების თითოეულ თანამშრომელს სამშობლოს ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის. ისინი ნამდვილად არიან ის პატრიოტი ადამიანები, რომელთა ყოველდღიური, თავდადებული შრომა უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.

გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დამტკიცების შემთხვევაში, მე და უწყების თითოეული თანამშრომელი დაუღალავად და უდიდესი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულებას - დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე და უსაფრთხოება“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.