სუსი: თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანთავმჯდომარეები. პერმანენტულად წარმოებდა კომუნიკაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის ბრალდებით“ 23 დეკემბერს დააკავეს.
24 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.