Loading data...
სუს-ი ლევან დავითაშვილის განცხადებაში არსებულ უზუსტობებზე: თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ

სუსი გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა.

„სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა:

1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.

2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი! თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.