სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც არის სრული სიცრუე.
აქვე განვმარტავთ პროცედურას, როგორ ხდება მსჯავრდებულის განთავსება დეესკალაციის ოთახში. პენიტენციური დაწესებულების დებულებისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება - დათვალიერებას, რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.
კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, როგორც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.