შს სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილების პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა და მიგრაციული პროცესების მართვის კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ცვლილებები პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიან, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას. ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. აღნიშნული რეგულაცია გამორიცხავს სტუდენტის ჩარიცხვას უცხოენოვან პროგრამაზე ისე, რომ რეალურად არ ფლობდეს შესაბამის ენობრივ კომპეტენციას.
ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სწავლის დასრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია ასახოს ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომელზეც წვდომა ექნებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა. საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდება ასევე სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები. დასახელებული ნებართვის გაცემა მოხდება სრულწლოვან პირზე მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ასევე განისაზღვრება უცხოელი სტუდენტის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის (ბინადრობის ნებართვის გაუქმების) საფუძვლები, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, დაარღვევს შრომითი საქმიანობის პირობებს ან ფაქტობრივად არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული ვადით. საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე რეგულირდება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.
განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე - საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე. ამასთან, დასახელებული ბინადრობის ნებართვის გაცემამდე შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით.
სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე, ან ჯარიმა, ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ასევე, ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით.
4 საკანონმდებლო ცვლილებებით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება.
ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სასამართლო სამართალწარმოების ნაწილში. კერძოდ, მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. საკანონმდებლო ცვლილებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, იუსტიციის სამინისტროსთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით მომზადდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.