შს სამინისტრო ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება
შს სამინისტრო ეხმაურება ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა და 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში, ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, რომლის თანახმადაც, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.
გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფეისბუკგვერდ „პირველ ამბებს“ არაერთხელ გაუვრცელებია სენსიტიური შინაარსის მქონე ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებისას, არ დაეყრდნოს გადაუმოწმებელ წყაროებს და არ შეუწყოს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო შიშისა და პანიკის გამოწვევის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.