შიდა ქართლის პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.