Loading data...
შალვა ნათელაშვილს სასამართლოში უჩივიან

სასამართლოში უჩივის „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს „ამერიკისა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის“ პრეზიდენტი მელორ წიფურია. როგორც წიფურია ამტკიცებს, ნათელაშვილმა მისი პატივი და ღირსება შელახა, როდესაც მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. ბიზნესმენი პოლიტიკოსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, პოლიტიკოსი კი მას ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ბრძოლის გამართვით ემუქრება.

საქმე ეხება ერთ-ერთ ტელეეთერში შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს, რომ მელორ წიფურია „ფოთიდან გაქცეული ბიზნესმენია, რომელიც დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილისგან იღებს“ და ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ლობირებას ეწევა. როგორც მელორ წიფურია აცხადებს, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, შალვა ნათელაშვილმა მას ცილი დასწამა და ტყუილი ინფორმაცია გაავრცელა.

ნათელაშვილის ადვოკატის თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის გათვალისწინებით, დარწმუნებულია, რომ სასამართლო ბიზნესმენის სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

„სარჩელი შეიტანეს შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ, რადგან მას ჰქონდა გარკვეული ინფორმაციები, რომლებიც ტელევიზიის საშუალებით გაავრცელა. ამის უფლებას აძლევს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი.

დარწმუნებული ვარ, სარჩელს არ დააკმაყოფილებენ, იმიტომ რომ ამაზე არსებობს უამრავი, როგორც შიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის წინ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რასთანაც მოცემულ შემთხვევაში გვაქვს საქმე“, - ამბობს მედიასთან საუბრისას პოლიტიკოსის ადვოკატი.

ბიზნესმენი წიფურია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია შალვა ნათელაშვილის ქცევის მოტივები, თუ რატომ ესხმის თავს და სწორედ ამიტომ მიმართა სასამართლოს. 

„ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ბატონმა შალვამ 2021 წელს, როდესაც ფოთში რამდენიმე კონგრესმენი ჩამოვიყვანე, ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ მე ვიყავი ფოთიდან გაქცეული, ფოთელი აფერისტი, რაღაც დაფინანსებების თემაზე. რა თქმა უნდა, არ მომეწონა, ვერ გავიგე მიზეზი და მაინც თავი შევიკავე, რომ რაიმე გამეკეთებინა. ამის შემდეგ მან ისევ გააკეთა მსგავსი განცხადებები. 

როდესაც კონგრესმენები ჩამოდიან საქართველოში, მთავრობის წევრებთან შეხვედრის გარდა მათ ყოველთვის ვახვედრებ ოპოზიციის წევრებსაც.

2019 წელს შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ბრძანა, რომ ჩამოვიყვანე წარმომადგენლობის პალატის წევრი, ბატონი ადამ კინზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი ფოთში და არ შევახვედრე, თუ მათ თქვეს უარი, ყოველი შემთხვევისთვის, ბატონი შალვასგან არ მიმიღია უკუკავშირი. თუ მას ვერ შევახვედრე, ეს სამწუხაროა ჩემთვისაც. ნებისმიერ შემთხვევაში, შეხვედრა შედგება, თუ არა, ეს არ აძლევს ბატონ შალვას უფლებას, რომ ასეთი ცილისწამება და შეურაცხყოფა მომაყენოს“, - ამბობს საქართველოს საპატიო კონსული ამერიკაში, მელორ წიფურია.

ცნობისთვის, დავაზე სასამართლო პროცესი ცილისწამების მუხლით მიმდინარეობს. შალვა ნათელაშილი ბიზნესმენს პროცესის წაგებითა და  ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით ემუქრება.  მელორ წიფურიას თქმით კი, მისი მიზანია, შალვა ნათელაშვილმა სიტყვები უკან წაიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავა ფინანსურად გადაწყდება. როგორც წიფურია ამბობს, თანხის 100% გადაირიცხება ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის.