Loading data...
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ათეულობით საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.