Loading data...
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით, 3 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.მ. და აზერბაიჯანის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1991 წელს დაბადებული ჰ.დ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: სარეალიზაციოდ გამზადებული 75 შეკვრა „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.

„ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.