სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში უცხოეთიდან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი 200-მდე კაფსულა.
მეორე ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.