სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
პოლიციამ 1983 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ჩ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 2001 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.დ. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი შემოწმებისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის, „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.