სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში, სხვადასხვა დროს 6 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 1 კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.