Loading data...
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სს „საქართველოს რკინიგზის“ ხარაგაულის რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსი ა.გ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა სს „საქართველოს რკინიგზის “ კუთვნილი შპალების მიყიდვას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას.