Loading data...
საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები გ. ა. და ფ. დ. დააკავეს. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გუგა თავბერიძემ განაცხადა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის „Raffaello”-
ს და „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.

ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ყავა „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და
წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე, იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - განაცხადა გუგა თავბერიძემ.