Loading data...
საგამოძიებო სამსახურმა აპრილში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა აპრილში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია 300 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი. დაკავებულია 7 პირი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი, რომელზედაც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 30 პირი, მათგან დაკავებულია 7 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 59 444 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.