საგამოძიებო სამსახურმა ადიგენისა და წალკის მუნიციპალიტეტებში კორუფციული ფაქტები გამოავლინა - დაკავებულია სამი პირი, მათ შორის მერის ორი წარმომადგენელი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დავაკავეთ, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ია ახალაიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი,
ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - ერთი მოქალაქე.
„გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ შუამავლის მეშვეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.
საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
მივმართავთ ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება - მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ
მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახური და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოები განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით!“, - განაცხადა ია ახალაიამ.