Loading data...
საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო-საავტომობილოზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა რისკების მონაცემთა ბაზების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების რენტგენოინსპექტირების სისტემებით დეტალურად დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, შვედური წარმოების 5 620 კოლოფი საღეჭი თამბაქო აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგო ნაწილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული და უფლებამოსილი პირის მიერ ზეპირი გამოკითხვისას მან არადეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაცია უარყო.

„აღსანიშნავია, რომ შეფუთულ საქონელზე ქართულ ენაზე არ იყო დატანილი სავალდებულო მითითებას დაქვემდებარებული სამედიცინო გაფრთხილებები. ამასთან, არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას ითვალისწინებს.

კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

დამატებითი ინფორმაცია შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის შესახებ, ასევე სრული ინფორმაცია სასაქონლო კოდების, მათ მიმართ სავალდებულო რეგულაციების/განაკვეთების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

infohub.rs.ge;

rs.ge/Commodity“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.