Loading data...
სააპელაციო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ 2022 წლის 10 სექტემბერს გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის მეშვეობით ხელშეკრულება გააფორმეს დაზარალებულ საწარმოსთან, 416 700 ევროს ღირებულების იახტის ნასყიდობის თაობაზე.

გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაზარალებულმა კომპანიამ მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოს ჩაურიცხა იახტის ღირებულების საფასური სრულად.

მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულებმა დაზარალებულ კომპანიას არ მიაწოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული იახტა, ხოლო ჩარიცხულ თანხებს - 1 155 019 ლარს (416 700 ევროს ეკვივალენტი) მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პოპიაშვილი დამნაშავედ იქნენ ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და სასჯელის სახედ და ზომად გიორგი ჩიკვაიძეს - 9 წლით, ხოლო ირაკლი პაპიაშვილს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარეს მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმება არ შეუთავაზებია.