Loading data...
რუსთავში ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა - დაშავებული ქვედა კიდურების მძიმე მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთავში ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა.

ადგილობრივი გამოცემა Info Rustavi-ს ინფორმაციით, 30 წლამდე ქალს რუსთავის ცენტრალურ ხიდზე მანქანა გაუფუჭდა, რის შემდეგაც მანქანის უკანა საბარგულთან ხელსაწყოს ასაღებად მივიდა, სწორედ ამ დროს მას მანქანა დაეჯახა. შეჯახების შემდეგ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ინერციით, რამდენიმე წუთით ადრე, დასახმარებლად გაჩერებულ BMW-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებული ქალი ცენტრალურ საავადმყოფოში ტრავმული შოკითა და ქვედა კიდურების მძიმე მოტეხილობებით გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმის კოორდინატორ-ორგანიზატორმა და მორიგე ექიმმა ივანე ბალიაშვილმა გამოცემას განუცხადა, რომ პაციენტს ქვედა კიდურების მძიმე, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. შემოყვანილია ტრავმული შოკით, ორივე ქვედა კიდურის მძიმე, მრავლობითი მოტეხილობით. მათ შორის იყო ღია მოტეხილობები. მომზადდა საოპერაციოდ. ჩატარდა ჰემოტრანსფუზია, მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულ მდგომარეობაში ავიყვანეთ ოპერაციაზე.

ამ ეტაპზე რა მონაცემებიცაა, დაზიანების თვალსაზრისით კიდურის ამპუტაციის საკითხი არ იდგა, არც ტრავმული, არც გეგმური. თუმცა წინ რთული პერიოდია გასავლელი. სჭირდება გარეგანი და შინაგანი ფიქსაცია, ბარძაყიც მოტეხილია და ორივე წვივის ძვლებიც. პლუს ამას, რბილი ქსოვილების დაზიანებებიც. ჩემი ბოლო ინფორმაციით მიმდინარეობდა ოპერაციული ჩარევა, რის შემდეგაც გადაიყვანენ რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა ივანე ბალიაშვილმა.