Loading data...
რუსთავში, 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა ასევე მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო.

მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ორველაშვილი ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ მიიჩნევს. 

ცნობისთვის, რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შს სამინისტრომ კიდევ ერთი პირი, ბრალდებულის ძმა 10 თებერვალს დააკავა.

შეგახსენებთ, 9 თებერვალს ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად 5 პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 4 პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ძმები 9 თებერვალს დააკავეს. მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10 თებერვალს კი პროკურატურამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.