პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 262,39096 გრ. „ალფა-პვპ“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.