Loading data...
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, არასრულწლოვანმა მოწმის სახით დაკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, სადაც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.