Loading data...
პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების მეშვეობით, კახეთის რეგიონში ხე-ტყის მოპოვებას და მის შემდგომ რეალიზაციას ახორციელებდნენ. საქმიანობის პერიოდში, ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა დაუგროვდათ, რომლის კანონიერი წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ, რაც მისი შემდგომი რეალიზაციისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა.

უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოპოვებული ხე-ტყის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები დაამზადეს, თითქოსდა ხე-ტყის მასალა სხვადასხვა კომპანიებისგან ოფიციალურად შეიძინეს.

ბრალდებულებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში წარდგენის გზით, ექსპორტზე გაიტანეს 13 000 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის ხის მასალა, შედეგად კი, 9 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს.

ფიზიკურ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება, ჩადენილი ჯგუფურად) იურიდიულ პირებს კი - 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირისთვის ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

პროკურატურამ დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით“, - აცხადებენ უწყებაში.