პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ექვს პირს, მათ შორის ერთ იურიდიულ პირს, ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 6 პირს, მათ შორის 1 იურიდიულ პირს, ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 350 000 აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხა შემოიტანეს.
„საქართველოში შემოტანილი თანხა ბრალდებულებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით და მისი სახელის გამოყენებით უნდა დაეკონვერტირებინათ კრიპტოვალუტაში და სახეცვლილი აქტივი, მისი განთავსების და მასზე საკუთრების უფლების დამალვის და შენიღბვის მიზნით, მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ კრიპტო საფულეებზე გადაერიცხათ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმო საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას, მათ შორის სხვადასხვა კრიპტოვალუტის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რითაც ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ათეულობით მილიონი ლარის ეკვივალენტი ვირტუალური აქტივის უკანონო და უკონტროლო ტრანზაქციებს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იურიდიულ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს.
პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.