პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი პირი ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.