Loading data...
პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით განიზრახა, რომ მოტყუებით დაუფლებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ, 1 602 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას. ბრალდებულმა უცხო ენაზე დამზადებული ყალბი მინდობილობების საფუძველზე განახორციელა უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურება და შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში წარდგენით უძრავი ქონების მის სახელზე გადაფორმება.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.